მიმდინარეობს კომენტარის მიგრაცია ახალ რესურსზე www.civilcode.ge
გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და იქ იხილოთ განახლებული კომენტარი
მიმდინარეობს კომენტარის მიგრაცია ახალ რესურსზე www.civilcode.ge
გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე და იქ იხილოთ განახლებული კომენტარი
დიდი მადლობა კომენტარისთვის, თუმცა, ვფიქრობ, რომ სსკ 158(1) მუხლთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებები დაზუსტებას საჭიროებს, კერძოდ, მე, მაგალითად, არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ “მფლობელობითი საკუთრების პრეზუმფციის საფუძველია პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა”. მე ვთვლი, რომ მფლობელობითი საკუთრების პრეზუმფციის საფუძველი, სსკ 158(1) მუხლის მიხედვით, მხოლოდ და მხოლოდ “პირდაპირი მფლობელობაა” სსკ 155(3) მუხლში ნახსენები მნიშვნელობით (და არავითარ შემთხვევაში “არაპირდაპირი მფლობელობა” იგივე სსკ 155(3) მუხლის მნიშვნელობით).
მე ნამდვილად არ ვიცი ბატონი ლევან თოთლაძემ (ამ მუხლის კომენტარის ავტორმა) რომელ წყაროზე ან რომელ ავტორზე დაყრდნობით აირჩია ასეთი მიდგომა. ის აბზაცის ბოლოს სქოლიოში უთითებს ქალბატონი თამარ ზარანდიას წიგნს, თუმცა, მე ქალბატონ თამართან დაკავშირება ამ მომენტში ვერ შევძელი, რომ მასთან დამეზუსტებინა ეს შემთხვევა.და იმედი მაქვს, როცა ის ჩემს კომენტარს გაეცნობა, თავადვე გააკეთებს შესაბამის განმარტებებს ამ საკითხთან დაკავშირებით.
საქმე ის არის, რომ სსკ 158-ე მუხლისგან განსხვავებით, ამ მუხლის მსგავს გერმანული BGB-ს 1006-ს მუხლს დამატებული აქვს მე-3 ნაწილი, რომელიც გერმანულად ასე ჟღერს: (3) Im Falle eines mittelbaren Besitzes gilt die Vermutung für den mittelbaren Besitzer. ეს ქართულად ნათარგმნია ბატონი ზურა ჭეჭელაშვილის მიერ – იან კროპჰოლერის კომენტარის ქართულ თარგმანში, გვ.751, და ასეა ჩამოყალიბებული: (3) არაპირდაპირი მფლობელობის შემთხვევაში პრეზუმფცია მოქმედებს არაპირდაპირი მფლობელის მიმართ. ანუ, გერმანული ტერმინი mittelbarer Besitzer.ბატონი ზურაბის მიერ ნათარგმნია როგორც “არაპირდაპირი მფლობელი”. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ,, რომ სწორედ ეს გარემოება გახდა იმის საფუძველი, რომ ბატონმა ლევანმა (ამ მუხლის კომენტარის ავტორმა) მფლობელობითი საკუთრების პრეზუმფციის საფუძვლად “პირდაპირ მფლობელობასთან” ერთად “არაპირდაპირი მფლობელობაც” მიიჩნია.
ეს საკითხი უფრო ღრმად რომ განვიხილოთ, შემდეგი არგუმენტების მოყვანა შეიძლება:
1) უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ სსკ 158-ე მუხლს არა აქვს გერმანული BGB-ს 1006(3) მუხლის მსგავსი ნორმა, შესაბამისად, მხოლოდ იან კროპჰოლერის კომენტარის ქართულ თარგმანში არსებული გერმანული BGB-ს 1006(3) მუხლის თარგმანზე დაყრდნობით, შეუძლებელია ასე პირდაპირ იმის მტკიცება, რომ მფლობელობითი საკუთრების პრეზუფცია “არაპირდაპირ მფლობელობასაც” ეფუძნება, ანუ, მსგავსი სახის მსჯელობა სსკ 158-ე მუხლიდან არც პირდაპირ და არც ირიბად არ გამომდინარეობს.
2) შემდეგ, უნდა ითქვას, რომ ბატონი ზურა ჭეჭელაშვილის მიერ ტერმინი mittelbarer Besitzer -ის შესატყვისად ნახმარი ქართული ტერმინი “არაპირდაპირი მფლობელი” (მფლობელობა), ჩემი აზრით, შინაარსობრივად არანაირად არ ემთხვევა სსკ 155(3) მუხლში ნახმარ “არაპირდაპირ მფლობელს”, პირიქით, ზურა ჭეჭელაშვილის მიერ გერმანული BGB-ს 1006(3) მუხლის მიზნებისთვის ნახმარ ტერმინში “არაპირდაპირი მფლობელი” (mittelbarer Besitzer) შინაარსობრივად სწორედ სსკ 155(3) მუხლში ნახსენებ “პირდაპირ მფლობელს” ემთხვევა (შეესატყვისება). ამის თქმის საფუძველს მე მაძლევს ისევ და ისევ იან კროფჰოლერის კომენტარის ქართული თარგმანში გერმანული BGB-ს 871-ე მუხლის თარგმანი, კერძოდ, გერმანულად ამ მუხლის ტექსტი შემდეგნაირად ჟღერს: Steht der mittelbare Besitzer zu einem Dritten in einem Verhӓltnis der in #868 bezeichneten Art, so ist auch der Dritte mittelbarer Besitzer. ამ მუხლის თარგნამსაც ბატონი ზურა ჭეჭელაშვილი გვთავაზობს, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს: თუ არაპირდაპირი მფლობელი მესამე პირთან იმყოფება #868-ში აღნიშნული სახის ურთიერთობაში, მაშინ მესამე პირი ასევე არის არაპირდაპირი მფლობელი.
სანამ რაიმე დასკვნას გავაკეთებთ, ჯერ გერმანული BGB-ს ხსენებულ 868-ე მუხლში ჩავიხედოთ იმის გასარკვევად, თუ რა სახის ურთიერთობაზე საუბრობს გერმანული BGB-ს 871-ე მუხლი. 868-ე მუხლის ტექსტი გერმანულად ასე ჟღერს: Besitzt jemand eine Sache als Niessbraucher, Pfandglӓubiger, Pӓchter, Mieter, Verwahrer oder in einem ӓhnlichen Verhaltnis, vermöge dessen er einem anderen gegenüber auf Zeit zum Besitz berechtigt or verpflichtet ist, so ist auch der andere Besitzer (mittelbarer Besitzer). ეს ქართულად ასე აქვს ნათარგმნი ბატონ ზურაბს: თუ პირი ნივთს ფლობს როგორც უზუფრუქტუარი, მოგირავნე, მოიჯარე, დამქირავებელი, შემნახველი ან მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომლის ძალითაც იგი სხვა პირის მიმართ განსაზღვრული ვადით არის უფლებამოსილი ან ვალდებული ფლობაზე, მაშინ სხვა პირი ასევე არის მფლობელი (არაპირდაპირი მფლობელობა).
შესაბამისად, გერმანული BGB-ს 871-ე და 868-ე მუხლების ქართული თარგმანებიდან გამომდინარე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ზაურა ჭეჭელაშვილი გერმანული BGB-ს 1006(3)-ე მუხლში ნახსენებ ტერმინში “არაპირდაპირი მფლობელი”, სწორედ სსკ 155(3) მუხლში მითითებულ “პირდაპირ მფლობელს” (ანუ, მოიჯარეს, დამქირავებელს, მოგირავნეს, უზუფრუქტუარს და ა.შ.) გულისხმობს და ეს ლოგიკურიცაა, რადგანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში, გერმანული BGB-ს 871-ე მუხლის თარგმანი არასწორი იქნებოდა, ანუ, თუ გერმანული BGB-ს 871-ე მუხლის თარგმანში ნახსენები ტერმინი “არაპირდაპირი მფლობელი” (mittelbarer Besitzer) სსკ 155(3) მუხლში ნახსენები “არაპირდაპირი მფლობელის” შესატყვისი ტერმინი იქნებოდა, ეს საერთოდ თავდაყირა დააყენებდა ამ (ანუ, გერმანული BGB-ს 871-ე) მუხლს, რადგანაც: 1) ჯერ ერთი, ეს ამ მუხლის შინაარსის არასწორი თარგმანი (და გაგება) იქნებოდა, და 2) მეორე ის, რომ ეს საერთოდ დაუკარგავდა ამ მუხლს მნიშვნელობას, რადგანაც გაუგებარს და აბსურდულს გახდიდა მას.
ანუ, ვთანხმდებით, რომ ბატონი ზურა ჭეჭელაშვილის მიერ ნათარგმნი გერმანული BGB-ს 1006(3)-ე მუხლის ტექსტში ნახმარი ტერმინი “არაპირდაპირი მფლობელი” ვერანაირად ვერ გახდებოდა და არც უნდა გამხდარიყო საფუძველი იმისა, რომ ბატონ ლევან თოთლაძეს (სსკ 158-ე მუხლის კომენტარის ავტორს) განეცხადებინა, რომ “მფლობელობითი საკუთრების პრეზუფცია პირდაპირ მფლობელობასთან ერთად არაპირდაპირ მფლობელობასაც ეფუძნება”.
3) ბოლოს, ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა ითქვას, რომ მე პირადად ვესაუბრე ბატონ ზურა ჭეჭელაშვილს ამ საკითხზე და ,მასაც ანალოგიური მიდგომა აქვს, რომ მფლობელობითი საკუთრების პრეზუფცია არანაირად არ შეიძლება ეფუძნებოდეს “არაპირდაპირ მფლობელობას” (სსკ 155(3) მუხლში ნახსენები ტერმინის გაგებით), ის შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ “პირდაპირ მფლობელობას” ეფუძნებოდეს (ისევ და ისევ სსკ 155(3) მუხლში ნახსენები ტერმინის გაგებით).
ანუ, სულ მცირე, ორი იურისტი (ადვოკატი) ვთანხმდებით, რომ სსკ 158(1) მუხლიდან გამომდინარე “მფლობელობითი საკუთრების პრეზუფცია” არანაირად არ შეიძლება ეფუძნებოდეს “არაპირდაპირ ,ფლობელობას”, ის შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ “პირდაპირ მფლობელობას” ეფუძნებოდეს.