საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, როგორც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითად კოდიფიკაციას, გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სამართლის სისტემაში. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოდექსის ნორმების სწორად გამოყენებას და განმარტებას სასამართლო პრაქტიკაში. სამოქალაქო სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური კომენტარების, სასწავლო ლიტერატურის, მონოგრაფიებისა და სხვა სახის სამეცნიერო ნაშრომების არსებობა. კომენტარი სხვა ლიტერატურასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანონის სწორად გაგებისა და გამოყენების პროცესში, იგი ეხმარება იურისტებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებაში, ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ამასთანავე ბიძგს აძლევს იურიდიული განათლებისა და სამართლებრივი მეცნიერების განვითარებას.
სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტის მიზანია, შეიქმნას თანამედროვე აკადემიური სტანდარტების შესაბამისი ქართული კომენტარი, რომელშიც ასახული იქნება მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიები და ბოლო წლებში ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა.
კოდექსის კომენტარის შექმნა მიზნად ისახავს, წაახალისოს პროფესიული დისკუსია და იურისტებს შორის აზრთა გაცვლა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული სამოქალაქო სამართლის განვითარებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომენტარის და კომენტირების ტექნიკის განვითარების ხელშეწყობა.
2018 წლიდან სამოქალაქო კოდექსის კომენტარის შექმნასა და განვითარებას ხელმძღვანელობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
პროექტი შეიქმნა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) ასევე კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტების (PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში. შესაბამისად, ის არ ატარებს კომერციულ ხასიათს.